
წინასაარჩევნო მედიაგარემო
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში რთულ პოლიტიკურ და მედიაგარემოში ჩარტარდა. წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტით და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებით ხასიათდებოდა.
ჟურნალისტებზე ძალადობის ტენდენციები არჩევნების შემდგომაც გაგრძელდა, რაც სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს. ამის მკაფიო მაგალითია 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს გურამ როგავას, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, ცემის ფაქტი, რომელსაც სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა, რის შედეგადაც ჟურნალისტმა სახის ძვლებისა და კისრის მალის რკალის მოტეხილობა მიიღო.


მედიაგარემო
ქართული მედიაგარემო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მეტად პოლარიზებულ გარემოში შეხვდა, რაც ძირითადად ხელისუფლების მიერ ე.წ "რუსული კანონის" და „ანტი-ლგბტ პროპაგანდის“ კანონების ამოქმედებით იყო განპირობებული. აღნიშნული კანონების ინიცირებისა და ამოქმედების პროცესში ხელისუფლების მხარდამჭერ და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა, ვინდაიდან პოლიტიკური პოლარიზება პირდაპირ პროპორციულად აისახა მედიის პოლარიზებაზე:
"პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების საინფორმაციო გადაცემებში, ხოლო პროსახელისუფლებო მედია არ იწვევს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მის სატელევიზიო გადაცემებში".
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხშირად ეზღუდებოდათ საქმიანობა, რასაც იურიდიული ბარიერები და ჟურნალისტებზე თავდასხმები უწყობდა ხელს. მაგალითად, კომუნიკაციების კომისიამ ზოგიერთი კრიტიკული მედიასაშუალების მიერ გაშუქებული ინფორმაცია პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, რის საფუძველზეც მათ მუშაობა შეეზღუდათ:
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისიამ რუსული კანონის წინააღმდეგ გაშუქებული ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია, რითაც სახიფათო პრეცედენტი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკი შექმნა".
წინასაარჩევნოდ საკანონმდებლო ორგანოში (პარლამენტში) რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს. "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში ასახულია ის ფაქტებიც, რომელებიც ჟურნალისტებზე პოლიტიკურ ზეწოლას, ძალადობას, საქმიანობის შეზღუდვასა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიების ფაქტებს ასახავს.
თვალშისაცემი იყო რუსული პროპაგანდისტური მედიების გააქტიურება მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების თვალსაზრისითაც:
სახელმწიფოს დამოკიდებულება
ხელისუფლების დამოკიდებულება მედიაგარემოს მიმართ არაერთგვაროვანი იყო. კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ ხშირი იყო სიტყვიერი და სამართლებრივი ზეწოლა. სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიები და ხელისუფლების წარმომადგენლების ხისტი განცხადებები აძლიერებდა პოლარიზაციას, ახალისებდა ჟურნალისტებზე ძალადობას და ახშობდა სამართლიანი დისკუსიის შესაძლებლობას.
კრიტიკული მედიაგარემოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები უარყოფითად აისახა ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯზე და გაზარდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება.

საერთაშორისო შეფასებები
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორებიცაა ეუთო და ევროპული ინსტიტუტები, გამოთქვამდნენ შეშფოთებას მედიაგარემოსა და დემოკრატიული პროცესების უკუსვლასთან დაკავშირებით. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პროცესი ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა დაფიქსირდა რესურსების არათანაბარი განაწილება და ძალადობის შემთხვევა:
„ფინანსურ რესურსებს შორის არსებული დისბალანსი, განხეთქილების გაღრმავებისკენ მიდრეკილი წინასაარჩევნო კამპანია, ბოლო დროს მიღებული კანონები, მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი იყო მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში. თუმცა მოქალაქეთა ჩართულობა კენჭისყრის დღეს გამოხატავდა მრავალფეროვან არჩევანს. ასევე პოლიტიკური პარტიების დამკვირვებელთა მონაწილეობა ფარდას ხდის სისტემას, რომელიც ჯერ ისევ ზრდისა და განვითარების პროცესშია“, – განაცხადა პასკალ ალიზარდიმ, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა.
ევროპარლამენტის დელეგაციის შეფასებით, დემოკრატიული უკუსვლა და მედიაგარემოს შეზღუდვა კრიტიკული იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი უნდა გაიწვიოს. ფუნდამენტური თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ეს კანონი, რომელიც ავიწროებს სივრცეს დამოუკიდებელი მედიისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ქმნის შიშით დატვირთულ გარემოს, ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას!" - განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა.
საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დაძაბულ და პოლარიზებულ მედიაგარემოში ჩატარების უმთავრეს მიზეზად "უცხოური გავლების გამჭვირვალობის" კანონი სახელდება.

მედიის სამუშაო პირობები არჩევნების დროს


2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში აკრედიტებული მედიასაშუალებები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში აკრედიტირებული მედიასაშუალებების სიიდან იკვეთება, რომ რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად მონაწილეობდა არჩევნების მონიტორინგის პროცესში. მაგალითად:
-
საინფორმაციო სააგენტო „TASS“ (აკრედიტირებულთა რაოდენობა: 3) - საინფორმაციო სააგენტო „TASS“ დაარსდა 1904 წელს, როგორც რუსეთის ტელეგრაფული სააგენტო. საბჭოთა კავშირის დროს „ТAСС“ გახდა ქვეყნის მთავარი საინფორმაციო ორგანო, რომელიც ემსახურებოდა სახელმწიფო პროპაგანდას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, სააგენტო რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და სრულად იმართება რუსეთის მთავრობის მიერ.
-
„რია ნოვოსტი“ (აკრედიტირებულთა რაოდენობა: 3) - „რია ნოვოსტი“ დაარსდა 1941 წელს, როგორც საბჭოთა საინფორმაციო ბიურო. მისი თავდაპირველი მიზანი იყო საბჭოთა პროპაგანდის გავრცელება მეორე მსოფლიო ომის დროს. ამჟამად ის შედის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „Россия сегодня“-ში, რომელიც პირდაპირ კრემლის კონტროლს ექვემდებარება და გამოიყენება რუსეთის მთავრობის საერთაშორისო საინფორმაციო პოლიტიკის მხარდასაჭერად.
-
„იზვესტია“ (აკრედიტირებულთა რაოდენობა: 8) - „იზვესტია“ დაარსდა 1917 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. საბჭოთა პერიოდში გაზეთი მმართველი ელიტის ოფიციალური ხმის გამხმოვანებელი იყო. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ის ფორმალურად გახდა კერძო კომპანია, თუმცა კვლავ მჭიდროდ არის დაკავშირებული კრემლთან და ასახავს მთავრობის პოლიტიკურ ხედვას.
-
„Ruptly“ (აკრედიტირებულთა რაოდენობა: 1) - „Ruptly“ ეს არის RT-ის (ყოფილი Russia Today) შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 2005 წელს, როგორც კრემლის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მაუწყებლობა. „Ruptly“ ახორციელებს ვიდეოკონტენტის წარმოებას და გავრცელებას, რაც კრემლის გლობალური საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილია.
-
„NTV“ (აკრედიტირებულთა რაოდენობა: 5) - „NTV“ დაარსდა 1993 წელს, როგორც დამოუკიდებელი ტელეკომპანია. 2001 წელს „გაზპრომმა“ შეიძინა მისი აქციები, რის შემდეგაც NTV გადაიქცა კრემლის საინფორმაციო პოლიტიკის ინსტრუმენტად, რაც გამოიხატა მთავრობის მხარდამჭერი შინაარსის გაძლიერებით და ოპოზიციური ხედვების შემცირებით.
ცესკოში აკრედიტებული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე კოპნოვი TASS-ის გენერალური დირექტორის მოადგილეა. მისი საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული TASS-ის გლობალურ ოპერაციებთან, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობასთან, რაც აღინიშნა მისი ვიზიტების დროს, მაგალითად, ირანში მედია პარტნიორებთან შეხვედრისას. კოპნოვი, როგორც კრემლთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენელი, უკრაინაში არასასურველ პირად ითვლება და მას 2024 წელს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს, რაც უკრაინის მხრიდან პასუხია რუსეთის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ. ასევე „რია ნოვოსტი“ (RIA Novosti), „იზვესტია“ (Izvestia), „RT“ და მისი შვილობილი კომპანიები, როგორიცაა „Ruptly“ უკრაინაში აკრძალულია, რადგან მათ კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მათი საქმიანობა მიჩნეულია უკრაინაში რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილად, რაც მიზნად ისახავს უკრაინის დესტაბილიზაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
შესაბამისად, ცესკოს აღნიშნული სია ადასტურებს, რომ რუსეთის სახელმწიფო ან პრორუსულ მედიასაშუალებებს ცესკოს მიერ გაცემული ოფიციალურად აქტიური აკრედიტაცია ჰქონდათ მინიჭებული. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია საქართველოსთვის, ვინაიდან ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენების ზრდის პირდაპირ ნიშანს წარმოადგენს.
რუსეთის სახელმწიფო ან პრო-რუსული მედიასაშუალებების აქტიური მონაწილეობა არჩევნების პროცესში არის საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერების მცდელობა, რაც მიუღებელია იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთს ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

საზოგადოებრივი მაუწყებელი
კერძო სახელისუფლებო არხებთან ერთად, როგორიცაა TV Imedi, Post TV და Rustavi 2, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისადმი მიკერძოებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი "პირველი არხიც". ეს განსაკუთრებით შეინიშნებოდა პოლიტიკური ჯგუფების გაშუქებისას, რაც ეჭვქვეშ აყენებს მედიის ნეიტრალურობასა და ობიექტურობას. წინასაარჩევნოდ ეთერებს არ უთმობდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, არ იწვევდნენ პირდაპირ ეთერში დებატებისა და დისკუსიისთვის, და ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებდნენ.
მსგავსი მიკერძოებული დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ გახდა იმის მიზეზი, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ შენობასთან აქცია გაიმართა, რომელიც სამოქალაქო მოძრაობებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიმდინარე პროცესების, მათ შორის საპროტესტო აქციების, პირდაპირ ეთერში ობიექტურად გაშუქება.
საბოლოოდ, „პირველი არხის“ მენეჯმენტმა პროტესტის მონაწილეებს ეთერი 20:00 საათზე დაუთმო, რაც მათ გამარჯვებად ჩათვალეს.

დევნილი ჟურნალისტები
წლების განმავლობაში საქართველო ავტორიტარული რეჟიმებისგან დევნილი ჟურნალისტებისთვის რეგიონში ერთ-ერთი საიმედო თავშესაფარია . განსაკუთრებით მათთვის, ვინც პოლიტიკურ დევნასა და კონფლიქტებს გაურბის, მაგრამ პრობლემად რჩება პროცედურების გამჭვირვალობა და სამართლებრივი თანმიმდევრულობა. მაგალითად, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF)-ის მონაცემებით, საქართველო ერთ-ერთ პოტენციურ თავშესაფრად ითვლება რუსეთიდან დევნილი ჟურნალისტებისთვის, თუმცა არსებობს კრიტიკა, რომ ზოგჯერ სახელმწიფო უარს ამბობს თავშესაფრის მინიჭებაზე სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე.
IDFI-ისა და სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებლებს ხშირად არ ეძლევათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფუძველზე ხდება უარის თქმა. საქართველოს კანონმდებლობა საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ტერიტორიული მთლიანობის მოტივით, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები უარყოს, რაც გარკვეულ შემთხვევებში განსახილველად პრობლემურია.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში 2023 წლის დეკემბერში საქართველოში ჩამოვიდა, რათა ხელისუფლების დევნისაგან თავი დაეღწია. იგი აზერბაიჯანში ცნობილია თავისი კრიტიკული პუბლიკაციებითა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური დამოკიდებულებით. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე სიმართლის თქმასთან, რაც მასზე დევნის საფუძველი გახდა. 2020 წელს აზერბაიჯანში მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბრალდებულად გამოსძალვაში, თუმცა უფლებადამცველების შეფასებით, ეს ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 2023 წლის მაისში ის შეიწყალეს, მაგრამ კვლავინდებურად განიცდიდა მუქარას და დევნას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე თანხმობა 2024 წლის ივლისში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რასაც საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Amnesty International-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა და საფრთხეს უქმნის ჟურნალისტის უსაფრთხოებას. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების ღალატს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

შეჯამება და სამომავლო პერსპექტივები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მედიის წინაშე არსებული გამოწვევები.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მედიაგარემოში მაღალი პოლარიზაციისა და პოლიტიკური გავლენების პირობებში გაიმართა. წინასაარჩევნოდ ქართული მედია გამოირჩეოდა მიკერძოებულობით, რაც განსაკუთრებით არჩევნების გაშუქების ტენდენციებზე აისახა, სადაც ოპოზიციას გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა. ამის მიზეზი იყო არა მხოლოდ ფინანსური რესურსების განაწილების უსამართლობა, არამედ სირთულეები, რომლებიც გამოწვეული იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიისა და მისი მენეჯმენტის გავლენით.
ამ ერთ წელში მიღებულმა კანონებმა, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონმა, ხელი შეუწყო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიასაშუალებების თავისუფლების შეზღუდვას. ეს მოცემულობა კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს.
ქართული მედიის მდგომარეობა 2024 წლის არჩევნებში ადასტურებს, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. პოლარიზებული მედიაგარემო, დეზინფორმაციული კამპანიები, სიძულვილის ენა, ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათი საქმიანობისადმი ხელშეშლის ფაქტები და პოლიტიკური სირთულეები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს.
წინასაარჩევნო მედია გარემო გვაჩვენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ქართულ მედიაგარემოში ცვლილებები განხორციელდეს. პოლარიზაციის, დეზინფორმაციისა და პოლიტიკური მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხარდაჭერა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ოპოზიციური ძალებისთვის თანასწორი პირობების შექმნა. ამის მისაღწევად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მათი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოება და მედიის დამოუკიდებლობა, უალტერნატივო გამოსავალია.